თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც გაღრმავდება და ორივე ქვეყნის ხალხებს ორმხრივ სარგებელს მოუტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74-ე წლისთავის აღნიშვნის საღამოზე.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა ტურიზმის მიზნით და ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენა.
„მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დიდი ხნის მეგობრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვლინდება იმაში, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პრინციპს".
„ეს ურთიერთსოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. ამ კავშირების დასტურად ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ჩინეთში ისტორიული ვიზიტისას მან თანამშრომლობის ახალი გზების გამოსავლენად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ და ჩინეთმა ნაყოფიერი თანამშრომლობა დაამყარეს, რომელიც სხვადასხვა სფეროში ვლინდება და ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს – ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან განათლებამდე და ტურიზმამდე.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის" ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის" გავლით", – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ჩინური ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურაში, რათა მომავალ წლებში საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს.
„ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის გაზრდის უზრუნველყოფაში გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ფართო ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი", – განაცხადა პრემიერმა.
როგორც უფრო ადრე საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა, ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტით და შეუძლია ჩაერთოს, მათ შორის, ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს 2022 წელს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 69,1%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 112,8%-ით მეტია.