თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველომ სიმტკიცე გამოავლინა, შექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით.
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა სიღარიბის შემცირება, ნატოსა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიკური ეკონომიკის განვითარება.
„ეს ყველაფერი ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი ეროვნული მიზნების მიღწევაში უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის", – განაცხადა სპიკერმა.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.