თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის შეწყვეტამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყანას სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ ოპტიმისტებთან“ შეხვედრისას.
მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მანამდე განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან თავისი მაკროეკონომიკური სტაბილურობის დამტკიცება. ხოლო როდესაც არსებობს საერთაშორის სავალუტო ფონდის პროგრამა, არავისთვის არაფრის მტკიცება არაა საჭირო, რადგან სავალუტო ფონდი თავის ანგარიშებში მიუთითებს, რომ „ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“.
მისი თქმით, დღეისათვის სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამა არ უქმნის საფრთხეს სხვა პროექტებს, რომლებზეც საქართველოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან აქვს დადებული შეთანხმებები.
კაკაურიძემ იმედი გამოთქვა, რომ სავალუტო ფონდის მეორე მიმოხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ჩარჩოში 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, არის დამაზიანებელი და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შევძლებთ - შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია“, - განაცხადა მან.
რა კითხვები აქვს სავალუტო ფონდს მარეგულირებელთან, კაკაურიძეს არ უთქვამს, მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი თავად საფინანსო ინსტიტუტმა უნდა გასცეს.
„ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, პროგრამის შეჩერება არ უკავშირდება ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე.
სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, საქართველო ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მიყვება, მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი, აღნიშნა კაკაურიძემ.
ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება სავალუტო ფონდის მისიის მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს.
„აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. დაახლოებით, ექვსი თვეა ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.