ცთბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 35-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი – საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
„ფორუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა პროფესიული მასტერ-კლასებიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაცნობოდა თექაზე მუშაობისა და აქსესუარების დამზადების ტექნიკას", – განაცხადეს სააგენტოში.
ფორუმის პარალელურად გაიმართა ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. მსგავსი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში.