აიკრძალა ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში

საქართველოში აშშ-დან ჩამოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში 1 აგვისტოდან შეიზღუდა.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ავტომობილების ექსპორტზე/რეექსპორტზე აკრძალვა ძალაში დღეიდან, 26 სექტემბრიდან შევიდა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის შესაბამისად მიიღეს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან საქართველო შეზღუდვებს აამოქმედებდა, აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა.
ევროკავშირმა 23 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტში შედის ზემოქმედების მექანიზმის დანერგვა იმ მესამე ქვეყნებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სანქცირებული საქონლის რეექსპორტში; ასევე სხვადასხვა პროდუქციის რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვა და ევროკავშირში სამამულო წარმოების სატვირთო მისაბმელების გამოყენება, ასევე სხვა ზომები პერსონალური შეზღუდვების ჩათვლით.
შემოსავლების სამსახური - შეზღუდვები ავტომობილების ექსპორტზე მესამე ქვეყნებს არ ეხება>>>
სანქციების მე-11 პაკეტის თანახმად, „ლუქსის" კლასის (50 ათას ევროზე მეტი ღირებულების) ავტომობილების რუსეთში ექსპორტზე აკრძალვა გაფართოვდა ყველა – ახალ და ძველ ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა 1,9 ლიტრზე მეტია, ასევე ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილზე. აკრძალვა ასევე შეეხო სათადარიგო ნაწილების შეტანას.
საქართველომ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სულ 48.603 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა. ამასთან, 2023 წლის მეორე კვარტალში ავტომობილების რეექსპორტი 23,1%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით და 27.384 ავტომობილი შეადგინა.
ავტომობილების რეექსპორტის 98% მსუბუქი ავტომობილია. სულ საქართველომ წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ 47.732 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა.
აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში>>>
მანამდე კი, 1 აგვისტოდან შეიზღუდა საქართველოში აშშ-დან ჩამოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.