ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე - საქართველოში მცირე ჰესებს განავითარებენ

პროგრამა „ბიზნეს უნივერსალის" მიზანია ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, გაფართოება და არსებული საწარმოების გადაიარაღება.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მცირე ენერგეტიკის მხარდაჭერის პროგრამა გაააქტიურებს მცირე ჰესების მშენებლობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კომპონენტ "ბიზნეს უნივერსალს", რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე, სამეწარმეო სტრუქტურების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა დაემატა – ელექტროენერგიის წარმოება. კერძოდ, სახელმწიფო მხარს დაუჭერს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს.

„ამ პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, მეორე მხრივ კი იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები ქვეყანაში", – განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან ერთად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და კომპონენტის სიახლეები გააცნო.
მიქაუტაძის თქმით, სააგენტოში უკვე ინიცირებულია ერთი პროექტი. მისი პროგნოზით, პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში რამდენიმე ათეული პროექტი იქნება რეალიზებული.
აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კრედიტით/ლიზინგით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას, ხოლო მათი დადგენილი სიმძლავრე არ აჭარბებდეს 0,5 მეგავატს. სააგენტოში აღნიშნეს, რომ ჰიდროენერგეტიკის შემთხვევაში საუბარია მცირე ჰესებზე.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ენერგეტიკის სექტორსაც დააფინანსებს>>
გარდა ამისა, „ბიზნეს უნივერსალის" კომპონენტის მიზანია ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებულის გაფართოება და გადაიარაღება, ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების ხარჯზე.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სამრეწველო სექტორი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული მომსახურება, აგრო- და ეკოტურიზმი.
საქართველომ 2023 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე ელექტროენერგიის რეკორდული მოცულობა გაიტანა>>
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.