თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით ორი მესამედი იმ ხომალდებით გადააქვთ, რომლებიც G7-სა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილ საფასო ზღვართან მიერთებულ ქვეყნებს ეკუთვნის, ან ამ ქვეყნების მიერაა დაზღვეული, იუწყება სააგენტო Bloomberg ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით.
ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ტრანსპორტირებული ნავთობი დადგენილ საფასო ზღვარზე უფრო ძვირად იყიდება.
როგორც CREA-ს მონაცემებშია ნათქვამი, ეს აჩვენებს, რომ მოსკოვი კვლავინდებურად აქტიურად იყენებს ევროპულ ხომალდებს თავისი ნავთობის გადასაზიდად.
ამასთან, ცენტრის ანალიტიკოსების თქმით, საფასო ზღვრის მოქმედებას აფერხებს არა მხოლოდ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენება, არამედ ის ფაქტიც, რომ „მონაწილე მთავრობებს საფასო შეზღუდვების სრულად დაცვისა და დამრღვევთა დასჯის უნარი არ აქვთ“.
ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. პარალელურად ამოქმედდა ზედა ზღვრული ფასი ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე — ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მიიღეს. შეთანხმების მიზანი მოსკოვისთვის ნავთობშემოსავლების შემცირება იყო, ოღონდ მსოფლიო ბაზარზე რუსული მიწოდებების შენარჩუნებით.
2023 წლის 5 თებერვლიდან იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც ნავთობზე ფასდაკლებითა და პრემიით იყიდება, ახალი საფასო ზღვარი შევიდა ძალაში — შესაბამისად, ერთ ბარელზე 100 დოლარისა და 45 დოლარის ოდენობით.
ფასების ლიმიტის შემოღების შემდეგ საერთაშორისო კომპანიებმა უარი თქვეს იმ ტანკერების გამოყენებაზე, რომლებიც რუსული ნავთობის გადასაზიდად გამოიყენებოდა. მაისში Bloomberg იუწყებოდა, რომ ევროკავშირი განიხილავდა შეზღუდვებს იმ გემებისთვის, რომლებიც ანტირუსული ნავთობსანქციების დარღვევას ცდილობდნენ.
წყარო: Bloomberg