თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გუნდმა „ვირტუს ბოლონიამ" ახალი სეზონი იტალიის სუპერთასის ფინალში „ბრეშიას" წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო (97:60).
იტალიის 2023 წლის სუპერთასის გათამაშებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ" „ოლიმპიას", ხოლო „ბრეშიამ" „ტორტონს" სძლია.
ფინალი შენგელიას გუნდის უპირატესობით წარიმართა. „ბოლონიამ" პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით მოიგო და ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წუთში მან ჩააგდო 15 ქულა, გააკეთა 12 მოხსნა და ოთხი გადაცემა. ქართველი კალათბურთელი სუპერფინალის MVP – ყველაზე ღირებული მოთამაშე და ამ ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა.
„ვირტუს ბოლონია", რომელსაც სათავეში რამდენიმე დღის წინ ახალი მწვრთნელი ლუკა ბანკი ჩაუდგა, 1 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „სკაფატის" წინააღმდეგ გამართავს.