თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ანრი მილორავა ლევან მიგინეიშვილის საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული მივიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ეზოში ამ დროს ბავშვები თამაშობდნენ.
გარდა ამისა, თავდამსხმელმა ყოფილ პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. მიგინეიშვილმა მას სახლიდან გამოტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.
ლევან მიგინეიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ანრი მილორავას მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა და ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.