თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.
შემთხვევა მიმდინარე წლის 8 იანვარს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მღებრიშვილმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყილაძე ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრა, ბინაში მყოფ მეორე პირს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა.
უწყების ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
მომხდარი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია.