რუსეთის ელჩი: დანიას რუსულ გაზსადენებზე ტერაქტის ერთობლივი გამოძიების ეშინია

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. დანია შიშობს, რომ რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი ტერაქტების ერთობლივი გამოძიების შემთხვევაში რუსეთი ფარული გარემოებების შესახებ შეიტყობს, რაც დანიას ხელს არ აძლევს, განაცხადა კოპენჰაგენში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ბარბინმა.
დიპლომატის თქმით, დანიის პროკურატურა თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ მოსკოვის იურიდიულმა დახმარებამ „შეიძლება საფრთხე შეუქმნას დანიის ეროვნულ უშიშროებას".

„ეს მოტივაცია უამრავ კითხვას იწვევს. ხომ არ გამოხატავს დანიის პროკურატურის ასეთი პოზიცია შიშს, რომ რუსულმა მხარემ შეიძლება შეიტყოს ისეთი რამ, რაც საფრთხეს შეუქმნის დანიის თანამშრომლობას აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში, ან დანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას?" — განაცხადა ბარბინმა.

რუსეთის ელჩმა არ გამორიცხა, რომ სწორედ ამ მიზეზით იყო ესოდენ „ტოტალურად დახურული“ გაზსადენების ტერაქტების გამოძიება.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აფეთქება 2022 წლის სექტემბერში მოხდა. როგორც გაზსადენების ოპერატორი კომპანია Nord Stream AG აცხადებს, დაზიანება უპრეცედენტოა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო დროის შეფასება შეუძლებელია. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქმე საერთაშორისო ტერორიზმის აქტის მუხლით აღძრა.