თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ინდოეთისა და აშშ-ის სამხედროებმა ალასკაზე ორკვირიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის დროსაც ერთობლივ მოქმედებებს დაამუშავებენ, ნათქვამია ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ პრეს-რელიზში.
უწყების ცნობით, წვრთნები ნიუ-დელი–ვაშინგტონის პარტნიორობის გააქტიურების ფარგლებში ტარდება, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში.
არსებული ცნობით, ალასკის ფორტ უეინრაიტში ინდოეთის სახმელეთო ძალების 350-კაციანი კონტიგენტია ჩასული.
„მხარეები ტაქტიკური სწავლებების სერიას გამართავენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში ოპერატიული თავსებადობის გასაუმჯობესებლად. ორივე მხარის სამხედროები ასევე დეტალურ დისკუსიებს გამართავენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად", — განაცხადა ინდოეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.
წვრთნები, რომლის თემაც მთიან/ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ინტეგრირებული საბრძოლო ჯგუფის გამოყენებაა გაეროს მანდატის VII თავის შესაბამისად, 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ინდოეთ-ამერიკის ერთობლივი მანევრები Yudh Abhyas („ბრძოლის მეცნიერება") რეგულარულად ტარდება ორი ქვეყნის ტერიტორიაზე. წინა სწავლება 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდოეთის შტატ უტრაქჰანდის მთიან რაიონში.