პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი: საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება

მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება, ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება (№1797) არსებით განსახილველად წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

„№1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", – ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო წარდგინებაში განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების, ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მას შემდეგ დააანონსა, რაც ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს უცხოური ტურნე დაიწყო. შედეგად, 12 სექტემბერს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სარჩელი წარმოებაში მიიღო>>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - რისი იმედი აქვს მმართველ პარტიას>>>
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.