თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით და თავისი ბოლოდროინდელი განცხადებებით ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ახდენს მისი ინსტიტუტების დისკრედიტაციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილს თავისი გადაწყვეტილებით არც კონსტიტუცია და არც სხვა კანონი არ დაურღვევია.
გარდა ამისა, მან სახელმწიფო სტრუქტურებს შესაძლებლობა მისცა დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. ის ასევე ხელს უშლის იმას, რომ საქართველო გახდეს „შავი ხვრელი" სანქციების განხორციელებაში.
„(ზურაბიშვილი) კიდევ ერთხელ რჩება კანონისა და კონსტიტუციის მიღმა. ვფიქრობ, პრეზიდენტის ბოლო ქმედებების შეფასება აღარაფერს გვაძლევს, იგი აშკარად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით, იგი ებრძვის ინსტიტუციებს და ახდენს მათ დისკრედიტაციას", – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ახლა ყურადღება უნდა გადავიდეს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ქვეყანა და მისი ინტერესები მსგავსი ქმედებებისგან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. თუმცა, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის მოქალაქეობის ლეგიტიმურობის საკითხის შესწავლა დასავლური სანქციების სიაში მისი მოხვედრის შემდეგ დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
ფარცხალაძე და სანქციები
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.