თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, იუწყება თბილისის მერია.
სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.
დაჯილდოების ცერემონიაზე კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.
„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის... ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქს სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.
მერიის ცნობით, დღესვე კალაძემ ახალი ტექნიკა დაათვალიერა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.
„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წლის 20 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია: დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება; დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ამოღების ორგანიზება; საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება; სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების და სხვ. საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა; მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება და სხვ.