საქართველო და თურქეთი სტრატეგიულ თანამშრომლობას ავითარებენ

საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შედგა. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში როგორც მთავრობის მეთაურმა, ისე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები უკვე გამართეს. ღარიბაშვილმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან გამართა.

„მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის გამო, რაც, მათი შეფასებით, ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობისა და პარტნიორობის მორიგი გამოხატულება იყო", – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და აღნიშნეს ამ პროცესში როგორც საქართველოს, ისე თურქეთის განსაკუთრებული როლი.
ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა>>>
მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის საკითხზე.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების და სხვა სფეროებში.