თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოს სხდომა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.
ოპოზიციის უკმაყოფილება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ მას ოპოზიციის აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მათ მე გამლანძღეს, მაგინეს და ჩემს ავტომობილზე სტიკერები დააწებეს... ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების მცდელობა“, – განაცხადა ზარნაძემ.
ზარნაძის აღნიშნული განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და თავად დეპუტატი დაადანაშაულეს აქტივისტების გაღიზიანებასა და პროვოცირებაში.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რასაც პოლიტიკოსებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სიტუაციის განსამუხტად საქმეში მანდატურები ჩაერთვნენ, სხდომაზე კი შესვენება გამოცხადდა.