საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა: რაზე ისაუბრა დარჩიაშვილმა?

მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა გაეროს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში „მომავლის სამიტის" (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

„მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა. მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფონზე იმედი გვაქვს, რომ მომავლის სამიტი ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა „მომავლის სამიტის" დეკლარაციის მიღების აუცილებლობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევას და გააძლიეროს მულტილატერალიზმი.
უსაფრთხოება და ევროკავშირის წევრობის შანსები - პრემიერის მოლაპარაკებები ნიუ-იორკში>>>
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, სამიტის დეკლარაციამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის, ასევე გაეროს წესდების სერიოზული დარღვევები და მასში ხაზგასმულ იქნას აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაცვისა და გაძლიერების მნიშვნელობა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების სრულად განხორციელებისადმი საქართველოს მზადყოფნა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ აღნიშნა დეკლარაციაში მდგრადი განვითარების სამივე განზომილების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობა.
დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას კლიმატის ცვლილების გადაჭრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად.