თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელში ფესტივალ „ევროპალიას" ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი 60-მდე მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 2023 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალში მონაწილეობისთვის 9 მლნ ლარია გამოყოფილი.
„მსოფლიო, პირველ რიგში ევროპა, იხილავს ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ზოგიერთი მათგანი, როგორც, მაგალითად, ფიროსმანი, ავანგარდზე ადრე იყო ავანგარდისტი ან მოდერნიზმზე ადრე იყო მოდერნისტი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ გამოფენით“, – განაცხადა წულუკიანმა.
ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)“ 4 ოქტომბერს გაიხსნება და მასზე წარმოდგენილი იქნება 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები“ 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 200 ექსპონატი. ბელგიის დედაქალაქში თითქმის ყველა ნამუშევარს საქართველოს მუზეუმებიდან ჩაიტანენ, მხოლოდ ოთხი უნიკალური ნამუშევარია გამოთხოვილი ლუვრიდან, ბერლინისა და ავსტრიის ეროვნული მუზეუმებიდან.
ამ ორი დიდი გამოფენის გარდა, დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა – 60-მდე ღონისძიება, მათ შორის გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, ცეკვები და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.