თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ევლახში მოლაპარაკებებმა შეიძლება ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას შეუწყოს ხელი, ხელშეკრულების პროექტი უკვე გადაეცა სომხეთს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განსაკუთრებულ დავალებათა წარმომადგენელმა ელჩინ ამირბეკოვმა Sky News Arabia-ს ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყარაბაღის სომეხთა დელეგაციამ უკვე დატოვა ევლახი, სადაც ისინი აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ. მხარეებმა მოლაპარაკებებზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხი განიხილეს.
„შეხვედრაზე ყარაბაღის სომხების რეინტეგრაციის ფორმატები განიხილებოდა... ვფიქრობთ, რომ ეს დიალოგი შესაძლოა დადებითად აისახოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე. ორი ქვეყანა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მსჯელობას იწყებს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში არსებული კრიზისისა და დაპირისპირების დასრულება შეუძლია", − განაცხადა ამირბეკოვმა.
მისი თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულებაში ხუთი პუნქტი შევა საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებული იქნებიან, არ ჩაერიონ ერთმანეთის საქმეებში.
„სომხურ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გადავეცით. ველოდებით მათ რეაქციას“, − აღნიშნა ამირბეკოვმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების გადაჭრა ერთი შეხვედრით შეუძლებელია.
თავის მხრივ, ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელმა დავიდ ბაბაიანმა ევლახის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ბაქოსთან საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. მისი თქმით, მანამდე დეტალების შეთანხმებაა საჭირო.
სომხური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ევლახის მერიის შენობიდან, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ყველა ჟურნალისტი გაიყვანეს, ავტობუსებში ჩასხეს და წაიყვანეს.
19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო აზერბაიჯანის „კონსტიტუციური წყობის აღდგენის მიზნით“. უკვე 20 სექტემბერს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის მოსახლეობის მიმართვის გათვალისწინებით, რომელიც მათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა გადასცა, აზერბაიჯანი დღის 13:00 საათიდან წყვეტდა „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“. ამასთან უწყებამ ცეცხლის შეწყვეტის პირობებიც დაასახელა:
1.
აზერბაიჯანის ყარაბაღის რაიონში განთავსებული სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებები და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები ყრიან იარაღს და სრულად განიარაღებულები ტოვებენ საბრძოლო პოზიციებსა და სამხედრო პოსტებს. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებები კი იშლება;2.
პარალელურად ბარდება ყველა შეიარაღება და მძიმე ტექნიკა;3.
ზემოაღნიშნული პროცესები რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კოორდინაციით განხორციელდება.