სტუდენტური დავალიანების განულებაზე საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა

სტუდენტების ფინანსური დავალიანება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარია
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებმა დადებითად შეაფასეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ, უარი მხოლოდ ორმა კერძო უნივერსიტეტმა განაცხადა, ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებათ. სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული.

„ორშაბათიდანვე დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს“, - განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრმა დასძინა, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში სამინისტრომ შესთავაზა კერძო უნივერსიტეტებს გადაეხადათ დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულება, რაც მიიღო ყველა კერძო უნივერსიტეტმა, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის გარდა.
„როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი“, - განაცხადა მინისტრმა.
სტუდენტების საერთო დავალიანება დაახლოებით 40 მილიონი ლარია, განაცხადა მანამდე პრემიერ-მინისტრმა.