თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ნატო არ მალავს, რომ წვრთნებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო ქმედებებს ამუშავებს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო მუდმივად ზრდის წვრთნების მასშტაბებს, რომლებიც სულ უფრო „პროვოკაციული და აგრესიული ხასიათის“ ხდება, ამასთან, მიზანმიმართულად ტარდება ძირითადად რუსეთის საზღვრებთან ახლოს. გარდა ამისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სწავლებებზე ყოველწლიურად იზრდება პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. რუს დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით გეგმიურად მუშავდება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები კოლექტიური თავდაცვის შესახებ.
„ამავდროულად, თუ ადრე ალიანსის მსგავსი მანევრების ლეგენდებში საუბარი იყო აღმოსავლეთში რომელიღაც „წარმოსახვით“ მოწინააღმდეგეზე, ახლა ნატოელები არ მალავენ: ისინი სწორედ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საწინააღმდეგო მოქმედებებს ამუშავებენ“, − აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათი თქმით, საუბარია ნატოს ძალების გამოყენების „რეალისტურ სცენარებზე".
როგორც უწყებაში აღნიშნეს, რუსეთი რეგულარულად სთავაზობდა ალიანსს სხვადასხვა ინიციატივებს დეესკალაციის შესახებ, მოუწოდებდა, უარი ეთქვა პროვოკაციულ ნაბიჯებზე, ხოლო საკუთარი წვრთნები ნებაყოფლობით გადაჰქონდა ქვეყნის სიღრმეში.
„პასუხად ნატოელებმა, აცხადებდნენ რა, რომ ჩვენს ქვეყანასთან კონფრონტაციას არ ეძებენ, სინამდვილეში ძალის დემონსტრირება განაგრძეს ჩვენს ზღურბლთან“, − მიაჩნიათ რუს დიპლომატებს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, მზად იყო თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, იმ პირობით, თუ „დასავლეთი უარს იტყოდა კონტინენტის მილიტარიზაციის კურსზე“.
არსებული ინფორმაციით, ნატოს სწავლება Steadfast Defender, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს და მასში 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.