თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2023“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 10 ათასზე მეტი მევენახის მიერ ჩაბარებული 107 ათასი ტონა ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო. აქტიური რთველი ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთვლის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება.
21 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 51 ათას ტონამდე „რქაწითელი", 52 ათას ტონამდე „საფერავი", 2,2 ათასი ტონა „კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 400 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთველის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა. უწყების ცნობით, მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
დაზიანებული ყურძენი
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
სახელმწიფო საწარმოს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.