თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.
თავის მიმართვაში პატრიარქმა ამ დღესასწაულს უწოდა სიხარულის, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისის დღე.
„შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა“, – ნათქვამია მილოცვის ტექტსში.
სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები, რომლებიც, პატრიაქრქის თქმით, მართალია, ამ სენით არიან დაავადებული, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.
შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთია მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის 12 მთავარ დღესასწაულს შორის.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.
ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.