თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარეების ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.
უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.
კიდევ ერთი სამართალდარღვევა დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ერთი ფაქტი კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდინარე ჩხერიმელაზე მოქალაქე ე.წ. ჩოგან-ბადეზე მიერთებული დენის წყაროს გამოყენებით უკანონოდ თევზაობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები.
მდინარე დებედას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.