თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების სიაში დიდი და გავლენიანი ჯგუფის მოთხოვნით მოხვდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
„დიახ, ფარცხალაძე მართლაც მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ, როგორც ჩანს, დაკვეთით და ძალიან დიდი და გავლენიანი ჯგუფის დახმარებით. ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც კი, სახელმწიფო დეპარტამენტი უნებლიედ იქნა გამოყენებული ამ სქემაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა არ დააზუსტა, რომელ დიდ და გავლენიან ჯგუფზეა საუბარი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებას ელოდება, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან "პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.