ყვირილი და ცხარე დებატები პარლამენტში: ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ცხარე დებატებით დაიწყო, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხის განხილვას უკავშირდებოდა.
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სხდომის დღის წესრიგი უნდა დაზუსტდეს და ფარცხალაძის საკითხის განხილვა მოითხოვეს.
გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.

„პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა. ახლა საზოგადოება ითხოვს პასუხებს... ამიტომ ყველა, ვინც ჩართულია რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაში, ეროვნული ბანკიდან დაწყებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით დამთავრებული, განსჯის საგანი უნდა გახდეს", – განაცხადა ოპოზიციური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
თუმცა, სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ყვირილი არ ცხრებოდა. განსაკუთრებით აქტიური იყო გიორგი ვაშაძე, რომელიც, მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებებისა და გაფრთხილებისა, მიკროფონის გამორთვის მიუხედავად, ადგილიდან აგრძელებდა განცხადებების გაკეთებას.
საბოლოოდ მანდატურის სამსახურმა პარლამენტის სპიკერის მითითებით ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
„როდესაც მსგავს უპატივცემულობას იჩენთ, დატოვეთ დარბაზი. მივმართავ ბატონ გიორგი ვაშაძეს, თუ თქვენ გყოფნით გამბედაობა დაარღვიოთ კანონი, მაშინ უნდა გეყოთ გამბედაობა და დატოვოთ დარბაზი", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს>>>
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფარცხალაძის ბრალეულობის მტკიცებულებას ელოდება, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან "პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.