თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ყარაბაღში სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები დაიწყო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
როგორც სომხეთში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლობაში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიას ამ დროისათვის იერიში მიაქვს სტეპანაკერტზე და ყარაბაღის სხვა ქალაქებსა და სოფლებზე.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.
„როგორც მანამდე, ისე ახლა, აზერბაიჯანის ოფიციალურ ცნობებში კვლავ გვხვდება ცრუ განცხადება იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ტექნიკა და პირადი შემადგენლობა იმყოფება. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და ახლაც აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ „რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
ამასთან აზერბაიჯანულ უწყებაში აკონკრეტებენ, რომ მათ შეტევა მიაქვთ „მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე“ და არა სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.