უსაფრთხოება და ევროკავშირის წევრობის შანსები - პრემიერის მოლაპარაკებები ნიუ-იორკში
16:02, 19 სექტემბერი 2023
საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
Sputnikთბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. რეგიონული უსაფრთხოება, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე იყო მთავარი თემები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილა.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. მთავრობის მეთაური გუშინ მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნაში და ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა. პრემიერმა ასევე მაღალი დონის რიგი შეხვედრები გამართა.
შეხვედრა გერმანიის კანცლერთან
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ღარიბაშვილის მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. შეხვედრაზე პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან და სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველო ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან
მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები განიხილა საქართველოს პრემიერმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ გაერო უკეთესად მოერგოს არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.
„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიუ გუტერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევით მუშაობაა აუცილებელი.
შეხვედრაზე ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მომხრეა. მან გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ ამ მიმართულებით და მას მადლობა გადაუხადა კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში მონაწილეობისთვის.
„განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან
საქართველოს პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლესთან რეგიონული უსაფრთხობისა და საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
ღარიბაშვილმა და დერეკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან
პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე მას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ პროგრესს ყველა მიმართულებით მიაღწია, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.