თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნამუშევრები მილანის საერთაშორისო გამოფენა Micam & Mipel Milano 2023-ზე პირველად გამოიფინა.
მილანის საერთაშორისო გამოფენა უდიდესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისთვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1,5 ათასამდე კომპანია მონაწილეობს და მას 45 ათასამდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება. გამოფენა 17-20 სექტემბრის პერიოდში ტარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია მაღაზია „რე-მარკეტის" პროდუქცია – ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.
„რე-მარკეტი" იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D-პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ. პროდუქციის რეალიზაცია აღნიშნულ მაღაზიაში ხდება.
ქართველ მსჯავრდებულებს მილანის საერთაშორისო გამოფენაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენის შესაძლებლობა მიეცათ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.