საქართველოში სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო–წოფი–ახქერფის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 6,6 მლნ ლარი გამოიყოფა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.
პროექტი ითვალისწინებს 8,6 კმ-იანი გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა.
გარდა ამისა, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
სამუშაოების დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.