საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. მთავრობის მეთაური თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს უკვე შეხვდა.
სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.
წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა, რომელიც წინა სამიტზე 2019 წელს მიიღეს.
სამიტის მიზანია, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის დღის წესრიგის დაჩქარებულად შესრულების ხელშეწყობა.
სამიტის ბოლოს მონაწილეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.
ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა>>>
მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.
დიალოგის თემაა „ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“.
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 19 სექტემბერს დაიწყება, როდესაც გაიხსნება მაღალი დონის კვირეული მთელი მსოფლიოდან ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია