უკრაინა კრიმინალების თავშესაფარი გახდა – რეაქცია გადატრიალების შესახებ სუსის განცხადებაზე

უწყების ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფარი გახდა, რომლებიც საქართველოში არეულობასა და ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების კომენტარისას.
სუსის მონაცემებით, საქართველოში იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამის ორგანიზატორია პირთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

„უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა უმაღლეს თანამდებობებზე... განა არსებობს ამაზე მეტი სირცხვილი?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის სოლიდარობის ფონზე უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, არიოს ვითარება საქართველოში, აღნიშნა მან.
საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მაგალითად, ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების ქცევა საქართველოს მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცდება>>
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორისაა სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გამომგზავრებაში პირადი მონაწილეობა.

„ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ვითარების არევას ცდილობს. დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველს ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა მტკიცებულებები, რომ ლორთქიფანიძე სააკაშვილის გამომგზავრებაში მონაწილეობდა, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში>>
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა 2021 წლის სექტემბერში, სატვირთო კონტეინერში დამალულმა, უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი ბორნით, რომელიც საქართველოს ფოთის პორტში შემოვიდა.

„უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს?! მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ესაა შესაბამის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგები.

„ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სამარცხვინოა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუსის ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და თანამშრომლობენ და ენდობიან უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში – ლორთქიფანიძეს, აღნიშნა მან.

„ეს ხალხი ჩამოყალიბდეს – საქართველოს პატრიოტები არიან თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, ინფორმაცია რომც არ ჰქონდეთ სუსიდან, ჩანს, რომ ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
აღნიშნულის თაობაზე სუსის ინფორმაციაში ნახსენებმა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა კომენტარი ქართულ მედიასთან გააკეთა, ხოლო ლორთქიფანიძემ თავისი ადვოკატის მეშვეობით, და ორივემ კატეგორიულად უარყო სუსის გამოძიების შედეგები.
ოპოზიციის პოზიცია
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სუსის განცხადებას სასაცილო უწოდეს. პარტიის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება.
„ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არც საფუძველი აქვს და არც ძალა. მათი ერთადერთი მიზანია, თავი დაიზღვიონ სტატუსთან მიმართებით და საკუთარი პარანოია-შიშით მოქმედებენ. საზოგადოება ხელისუფლებას სამართლიანად მოსთხოვს პასუხს სტატუსის მიღების ჩაგდებულ პროცესზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
თავის მხრივ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა და აბსურდი უწოდა.
„ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. ქართველ ხალხს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს“, – განაცხადა ვაშაძემ.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
გეგმის ერთ-ერთი ავტორია გიორგი ლორთქიფანიძე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
უსაფრთხოების სამსახური: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება>>
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.