სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა

ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყვარლის, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, მოსახლეობას კი ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
კახეთში კვირას, 17 სექტემბერს ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. სტიქიამ ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ათამდე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით ზიანი მიადგა სოფლებს შილდას, ენისელს, გრემს, საბუესა და ალმატს.
სტიქიის შედეგად განადგურდა უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გარდა ამისა, ძლიერმა სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები.

„სეტყვა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, დაისეტყვა მოსავალი. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. გრემში ყურძნის მოსავლის მხოლოდ 10%-ია დაკრეფილი, ადგილობრივების ნაწილს მოსავლის აღება არც აქვს დაწყებული, ყველაფერი მიწასთან გასწორდა", – განაცხადა სოფელ გრემის მცხოვრებმა ლევან ბარძიმაშვილმა.

ბარძიმაშვილის თქმით, მისმა ოჯახმა 20 ტონამდე მოსავალი იზარალა.
როგორც ყვარლის მერმა გივი ზაუტაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

„უხვმა ნალექმა და სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა... შიდასასოფლო გზებს მაშველების დახმარებით, ჩვენი ძალებით ვწმენდთ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა", – განაცხადა ზაუტაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი მიადგა მოსახლეობას. ზარალის ოდენობა დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.