სუსი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება: პაპუაშვილი ყოფილი გენპროკურორის სანქცირებაზე

ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც აშშ-ის მხრიდან ამ ტიპის სანქციების ქვეშ მოექცა, ამიტომაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რათა გადმოსცენ მტკიცებულებები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაიწყო ამ საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მეორე მხრივ კი ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციებში მოექცა. ამიტომაც სუსი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რათა გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება ამ პროცესის თაობაზე სრულად ინფორმირებული იქნება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფარცხალაძე, რომელსაც ბოლო 10 წელია პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან არანაირი შეხება არ ჰქონია, კერძო პირია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით კალაძე აშშ-სგან მეტ ინფორმაციას ელოდება>>>
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.