ტალახაძე ახალ რეკორდს უახლოვდება - ძალოსანი ერ-რიადში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ქართველი გოლიათის ანგარიშზეა ზედიზედ ექვსი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატებზე
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109 კგ), საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში ქართული სპორტის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდჯერ მოიპოვა ოქრო.
მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში 4-დან 17 სექტემბრამდე ერ-რიადში (საუდის არაბეთი) იმართება. ქართველი ძალოსნები, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლადაც იბრძვიან. საქართველოდან ერ-რიადში სულ 11 სპორტსმენი გაემგზავრა.
ქართველი ძალოსნის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 სექტემბერს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
წლის სპორტული შედეგები: ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2022 წელს >>
თანამედროვე ქართული სპორტის ისტორიაში, ტალახაძის გარდა, მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა, აქედან ხუთი - გუნდურ შეჯიბრებებში.
რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, წარმატების შემთხვევაში, ლაშა ტალახაძე მეორე ძალოსანი გახდება საბჭოთა სპორტსმენის ვასილი ალექსეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
ლაშა ტალახაძის გამარჯვებით ძალოსნობა ოქროს მედლების რაოდენობით საქართველოს ისტორიაში მესამე სპორტი გახდება, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდეგ.
აპრილში ტალახაძემ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა. ხოლო 2022 წლის დეკემბერში კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
2021 წლის დეკემბერში, ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).