თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 43 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ბრალდებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
სამართალდამცველებმა ქალი ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს