თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართება პირველი საერთაშორისო სამიტი სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები
ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები
ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP).