ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა

ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს, აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ებრაელ ხალხს როშ ჰაშანას დღესასწაული მიულოცა.
როშ ჰაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი ერთ-ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლია, რომელიც ამ დღეს ყველა ებრაელის ოჯახშია.
„როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია მისალოც წერილში საქართველოს მთავრობის გვერდზე გავრცელდა.
ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს. სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ, აღნიშნულია წერილში.
„მინდა გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია წერილში.
როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.