თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიები გააფართოვა. იქ მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე - რუსეთ-საქართველოს ოლიგარქია, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მენეჯმენტის კონსალტინგის სფეროში მოღვაწეობდა ან მოღვაწეობს.
„ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული", - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.
ამასთან მან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებში დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობდნენ მისი კავშირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთთან.
„მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან (საქართველოს - რედ.) დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ფარცხალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის FSB-ის ოფიცრის, ალექსანდრე ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის“ გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში“. აღნიშნულია, რომ FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ“ და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა FSB-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.
„სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს“, - განაცხადა ფარცხალაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სწავლობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.