თბილისში შინაური ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: სტერილიზაცია უფასო იქნება

თბილისში სავალდებულოა ისეთი ცხოველების სტერილიზაცია, რომლებიც მოშენებისთვის არ არიან განკუთვნილი.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შინაური ცხოველების სტერილიზაცია უფასო იქნება მათთვის, ვინ რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, განაცხადა თავშესაფრის ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა.
ცხოველის დასარეგისტრირებლად პატრონმა უნდა მიმართოს თავშესაფარს, სადაც ცხოველს დაარეგისტრირებენ და ჩიპს დაუყენებენ.

„ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ცხოველი ჰყავს, შეუძლია ის ჩვენს თავშესაფარში დაარეგისტრიროს და ჩიპი გაუკეთოს. ასეთი ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება", – განაცხადა კობიაშვილმა.

თავშესაფრის გადაწყვეტილება დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირებას ემსახურება.

„ეს ერთადერთი გზაა იმისა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ. ეს კამპანია ამ ოპერაციის და ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წახალისებას ემსახურება", – განაცხადა კობიაშვილმა.

კანონის თანახმად, თბილისში სავალდებულოა ისეთი ცხოველების რეგისტრაცია და სტერილიზაცია, რომლებიც გამრავლებისთვის არ არის განკუთვნილი.
ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები თბილისში>>
თუ ცხოველს ჩიპი არა აქვს, ჯარიმა 8 ლარია.
ბოლო დროს თბილისში შინაური ცხოველების კონტროლი გამკაცრდა. მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ პატრონებს პარკებსა და სხვა ადგილებში – იცავენ თუ არა ისინი ცხოველების გასეირნების წესებს, ასევე აქვს თუ არა ცხოველს ჩიპი.