თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტუდენტების დავალიანება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარია.
„მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი... დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და ისინი შეძლებენ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სტუდენტების სწავლა-განათლება ყველასთვის მნიშვნელოვანია.
მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს, ასევე ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ამ საკითხის გადასაწყვეტად დღესვე კომუნიკაციის დაწყება დაავალა.