ლუკაშენკო: დასავლეთმა თავისი დაქირავებულები დაითვალოს

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთმა რუსეთი კი არ უნდა დაადანაშაულოს, არამედ უკრაინაში გაგზავნილი საკუთარი დაქირავებული სამხედროები უნდა გადათვალოს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერს, რომელიც სოჭში შეხვდა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, ჟურნალისტმა დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა, რომლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა, მოსკოვის თხოვნით, უკრაინაში საკუთარი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

„დასავლელებმა თავიდან უნდა დათვალონ, რამდენი დაქირავებული გაგზავნეს უკვე და რამდენი მათიანი იბრძვის [უკრაინაში]. იქ შავკანიანებიც არიან, ყვითელკანიანებიცა და თეთრკანიანი ამერიკელებიც. ყველა უკრაინელების მხარეს იბრძვის. რატომ უნდა დავადანაშაულოთ რუსეთი იმაში, რომ ის იქ ვიღაცას იწვევს?" — უპასუხა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი ვერსიები სახიფათოა, ვინაიდან „ლამის უკვე ესიზმრებათ, რომ იქ მათი რეგულარული სამხედრო ნაწილებია შესული“.
„პოლონეთში უკვე ჩამოყალიბებულია [ასეთი ნაწილები] საზღვრებთან, რომლებიც მზად არიან უკრაინაში შესასვლელად. ამიტომ საკუთარ თვალში უნდა ჩავიხედოთ და იქ ვიპოვოთ დირე, სხვებს კი არ უნდა ვუსაყვედუროთ", — ციტირებს ბელარუსის ლიდერის სიტყვებს „რია ნოვოსტი".
ლუკაშენკო რუსეთში გუშინ, 14 სექტემბერს ჩაფრინდა. როგორც ბელარუსში განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემები იქნება საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონული პრობლემები, ასევე ერთობლივი ამოცანები ეკონომიკაში — მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა დარგებში, აგრეთვე ერთობლივი მუშაობა იმპორტის ჩანაცვლების სფეროში.