თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი ოქტომბრიდან კვლავ გაიზრდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლების ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
„ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი თვეში, საშუალოდ, რვა მორიგეობის შემთხვევაში, 2.184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2.536 ლარი, პარამედიკოსის – 2.184 ლარი, მოტომედიკოსის – 2.184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1.800 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ექთნის ხელფასს, ის 1.664 ლარს შეადგენს, მძღოლის – 1.520 ლარს, დისპეტჩერის – 1.392 ლარს, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1.648 ლარს, ცვლის უფროსის – 2.560 ლარს, ცვლის უფროსის მოადგილის – 2.128 ლარს, ოპერატორის – 1.024 ლარს.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება 2024 წლიდან დამატებით 10%-ით კიდევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.