რამდენით გაიზრდება 2024 წლიდან ჩინოვნიკების ხელფასები საქართველოში?

დღეისათვის საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით დაახლოებით 74%-ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების ზრდა 10% იქნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ. კანონის მიხედვით, 2026 წლამდე ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
კანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
ამასთან, საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა.