ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისიდან ჩინეთში რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს, იუწყება თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრეს-სამსახური.
ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისი–ურუმჩი–თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს.
China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე კოვიდპანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის იანვრიდან დაბრუნდა.
საქართველოს მთავრობის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსვლის შემთხვევაში უვიზოდ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.