მსოფლიო დღეს

კიმ ჩენ ინის დაცვამ მისთვის განკუთვნილი სავარძელი შეამოწმა და ქრაშ-ტესტიც მოაწყო: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებების დაწყების წინ კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მისთვის განკუთვნილი სავარძელი გაწმინდეს და შეამოწმეს, წერს სააგენტო Life.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ საგულდაგულოდ წმენდს კიმ ჩენ ინის დაცვა სავარძელს ხელსახოცებით, შემდეგ რაღაც აპარატით კარგად ამოწმებს მის ზედაპირს და ერთგვარ ქრაშ-ტესტსაც უტარებს გამძლეობაზე.
მანამდე კრემლის პულის ჟურნალისტებმა კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი დაათვალიერეს, რათა ენახათ, როგორ არის ის მოწყობილი.
მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი ძირითადად ხის და თეთრ-ოქროსფერი მასალით არის მოპირკეთებული. კიმს მატარებელში აქვს პირადი კაბინეტი — კომპიუტერითა და სატელიტური ტელეფონით, საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ვაგონი ვარდისფერი სავარძლებითა და დივნებით, ორი რესტორანი და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ვაგონი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ყველა მოგზაურობაში თან ახლავს საფრანგეთში განსწავლული მზარეულები, რომლებსაც ნებისმიერი კერძის მომზადება შეუძლიათ რუსული, ჩინური, კორეული, იაპონური თუ ფრანგული სამზარეულოდან.
როგორც მანამდე The New York Times წერდა, მატარებლის ყველა ვაგონი ტყვიაგაუმტარია, რის გამოც მათი წონა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის გამო მატარებელს არ შეუძლია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. გარდა ამისა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კიმ ჩენ ინს აქვს „პირადი ტუალეტი", რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოდ დარჩეს.