ბათუმი კინომოყვარულებს ტრადიციულ ფესტივალ BIAFF-ზე ეპატიჟება

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს მე-18 საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 17–24 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
BIAFF ყოველწლიურად ბათუმში სექტემბერში იმართება. მისი მიზანია კულტურული გაცვლის განვითარება, კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა კინორეჟისორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე (ღია ცის ქვეშ) გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 30 ქვეყნის 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში" გაიხსნება ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით „ლოტო" (რომელიც რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა).
წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi დოკუმანტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები.
ფესტივალის პროგრამა:
BIAFF – მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი
BIAFF – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
BIAFF – დიდოსტატთა კოლექცია
BIAFF – ქართული პანორამა
BIAFF/CINEDOC – ფოკუსი „უკრაინა"
CINEDOC TBILISI
საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში გასცემს ჯილდოებს რამდენიმე ნომინაციაში: გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საკონკურსო პროგრამაში უპირატესობა საერთაშორისო ან კავკასიურ პრემიერებს მიენიჭება.
ეროვნული არქივი საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს გამართავს>>
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
BIAFF-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო.