ნაძალადევში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება

შექმნილი დისკომფორტის გამო დედაქალაქის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებია – ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.