„ორპირ ქარში ყოფნამ გაციება იცის": მმართველი პარტიის ლიდერი ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე

მმართველ პარტიაში საქართველოს მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის მინუსებზე დაიწყეს საუბარი.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნატოს „ღია კართან“ დიდხანს ყოფნა სახიფათოა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასე გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, სადაც იგი ამბობს: „ნატოს წევრობა ერთადერთია, რაც დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენ არ გვინდა ეს ღია კარი, თუ გაქვთ რაიმეს თავი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში".

„ზოგადად, შემიძლია გითხრათ შემდეგი: ღია კარში ყოფნა – ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი (ედუარდ შევარდნაძე) საუბრობდა – და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს ვითარება არ არის კარგი და სწორი მდგომარეობა", – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე.
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თემას გამოეხმაურა>>>
2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი საქართველომ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.
ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არასდროს დასახელებულა.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის გაზრდის მისი საზღვრებისკენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამყარებს.